„შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავითგარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა გაყვანის ნაცვლად, დაამატეს“, – წერს „ფეისბუქში“ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
წუხელ დეკანოზმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა.
„უნდა ველოდოთ, რომ დილიდან აზერბაიჯანის მხარე გზის სამშენებლო ტექნიკას სრულად გაიყვანს ტერიტორიიდან“, – წერდა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
23 და 24 მაისს, ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ. გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
23 მაისს, გიდმა ზვიად ანანიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ მხარეს სპეციალური ტექნიკა ჰყავს მობილიზებული და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზა გაჰყავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მედიისგან შეიტყო. მან სიტუაციის გარკვევამდე ყველას მოუწოდა, ემოციური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.