თბილისის გარდა, ფიცის დადება ხუთ ადგილზე მოხდება: 175 რეკრუტი და წვევამდელი დადებს ფიცს ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, ასევე რაჭაში - მრავალძალის მონასტერში, ქართლში - კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში - ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში - გრემის მონასტერში.
ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ფიცს საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს. ცერემონიალის ნაწილია საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, რომელსაც მოედანზე ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები შემოიტანენ. შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება ქართულ შეიარაღებაში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. თბილისის გარდა, სამხედრო ტექნიკა გამოფენილი იქნება თელავში, მარნეულში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალქალაქში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ფოთსა და სენაკი.