weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ლაგოდეხში მდინარის მიერ გატაცებული 16 წლის გოგო ამ დრომდე ვერ უპოვიათ

10:53 ორშაბათი, 27 მაისი 2019

26 მაისს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ნინოსხევის ჩანჩქერთან მდინარის მიერ გატაცებული 16 წლის გოგო ამ დრომდე ვერ უპოვიათ. მაშველები ვარაუდობენ, რომ წყალს ბავშვი ნინოსხევის ჩანჩქერის ქვემოთ, კლდის ქვეშ აქვს შეტანილი. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 16 საათისთვის მოხდა. თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე ბავშვი ნინოსხევის ჩანჩქერის ქვემოთ მდინარეში ბანაობდა. ერთ-ერთი მათგანი დაგუბების ნაპირთან ახლოს მივიდა, საიდანაც წყალი კიდევ სამი მეტრის სიმაღლეზე ვარდება. გოგონამ დინების საწინააღმდეგოდ გამოცურვა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და წყალს გადაჰყვა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი სულამანაძის თქმით, იმ ადგილიდან, საიდანაც თვითმხილველების მითითებით ბავშვი წყალს გადაჰყვა, ქვემოთ კიდევ პატარა მორევია, რის შემდეგაც წყალი გახლეჩილი კლდის ქვეშ გადის. ვარაუდობენ, რომ ბავშვი კლდის ქვეშაა შეტანილი.

„ახლა წყალდიდობის პერიოდია. მთაში თოვლი დნება და ვიზიტორებს ნინოსხევის ჩაჩქერის მარშრუტზე მოგზაურობის რეკომენდაციას არ ვაძლევთ. სხვა ალტერნატივებს ვთავაზობთ. ამ ჯგუფს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის საერთოდ არ მოუმართავს.

პირდაპირ მივიდნენ ბილიკის დასაწყისში, სადაც ჩვენი რეინჯერი შეხვდათ. გავაფრთხილეთ, რომ მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, არც ხიდებია. რეინჯერს უთხრეს, რომ თან ახლდათ სამი მასწავლებლი, ექიმი და მშობლებიც.

სავარაუდოდ, სალაშქრო წესებს არ იცავდნენ. მოძრაობაც კი არ იყო ორგანიზებული. ბავშვებისთვის მდინარეში ჩასვლის უფლება არ უნდა მიეცათ. ჩვენც ბავშვების მონათხრობიდან ვიცით, რომ ჩანჩქერს ქვემოთ, სადაც წყალი გუბდება, იქ ბანაობდნენ. ერთ-ერთი გოგო ნაპირთან ახლოს იყო, გამოცურვა სცადა, მაგრამ დინებამ ქვემოთ გადაიყოლა. დაინახეს, რომ წყალმა ბავშვი კლდის ქვეშ შეიტანა, მაგრამ იქიდან გამოტანილი აღარავის უნახავს. იქვე ებრაელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, მათ თოკი ჰქონდათ, მაგრამ დახმარება ვერავინ შეძლო, რადგან იმ ადგილას, მითუფრო ამ პერიოდში, მდინარე საკმაოდ საშიშია“, - უთხრა გიორგი სულამანიძემ „რეგინფოს“.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა გახდა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმედებაში გამოიხატა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე, საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 112-ზე შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილას უმოკლეს დროში გამოცხადდნენ რეინჯერები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები.

„ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში. ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც „რეგინფომ“ გამოარკვია, შემთხვევის ადგილამდე სამანქანო გზა არ მიდის და იქიდან, სადაც გზა წყდება, ფეხით დაახლოებით 2 საათის სავალია. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფებს არც მყვინთავები ჰყავთ და არც შესაბამისი აღჭურვილობა აქვთ. თბილისიდან ლაგოდეხში მაშველთა დამატებითი ჯგუფი გვიან ღამით ჩავიდა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, რომ სამძებრო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების გამო ვერ მიმდინარეობდა. ბავშვის ძებნა დღეს, დილიდან დაიწყეს.

 

ამ თემაზე:

ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერთან 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]