სასულიერო პირების განცხადებაში, რომელიც სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ აქცია ქართული, აზერბაიჯანული და სომხური დროშების თანხლებით ჩატარდება.
„ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ არავისთან მტრობა არ გვინდა და მით უფრო ჩვენს სახლში, ჩვენს ძმებთან, კავკასიელებთან. ამ აქციით გავაფრთხილებთ ნებისმიერ დაინტერესებულ ძალას, რომ არავის მიეცემა პროვოცირების საშუალება, ჩვენი დიდი სახლი არიოს და რეგიონს დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს. გვჯერა, რომ ამ დღეს გარეჯში ჩვენს გვერდით იქნებიან საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები და მიწიდან, რომელიც ქართველებისთვის წმინდა და შეუფასებელია, ეტყვიან ისტორიულ სამშობლოს აზერბაიჯანს და მსოფლიოს, რომ ძმობას და მეგობრობას საზღვრები არ აქვს და ვერც გაუგებარმა, სავარაუდოდ, დაინტერესებული ძალების მართულმა პოლიტიკამ ვერ უნდა გადაფაროს“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
აქციის გამართვა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დავით გარეჯში ახალგაზრდები ღონისძიებას გამართავენ. ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოების წარმოება.
გუშინ, 27 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლსა და სასულიერო პირებს სიმშვიდისა და კეთილგონიერებისკენ მოუწოდა. ილია მეორის განცხადებით, მკვეთრი განცხადებები და ქმედებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.