როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი, რომელშიც მამაკაცები იმყოფებოდნენ, მოსახვევში დიდი სიჩქარით შევიდა და სახლის წინ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა.
„შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ელექტროგადამცემი ბოძი მოგლიჯა. შეჯახების შემდეგ კი ავტომობილი გზის საპირისპირო მხარეს, სანიაღვრე არხში გადავარდა“, - ამბობს ვარდისუბანში გამგებლის სპეციალისტი გელა გოგობერიშვილი.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები მრავლობითი ტრავმებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, სამი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კრიტიკულად მძიმეა მეოთხე მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ბოლო პერიოდში კახეთში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსხვერპლით დასრულდა 4 ივლისს, სოფელ წინანდალში მომხდარი ავარია. კომბაინთან შეჯახების შედეგად „ჟიგულის“ მარკის ავტომობილში მჯდომი 2 მამაკაცი გარდაიცვალა, 4 დაშავდა. 16 ივნისს ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში მომხდარი ავარიის შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა, 6 მგზავრი კი დაშავდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.