„ამ მთავრობის პირობებშიც, მე მზად ვარ, თავად ჩავერთო მოლაპარაკებებში, რადგან მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი შნირების მთავრობაა, მზად ვარ, გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი, რადგან ესენი არაფრის გადამწყვეტები არ არიან. უნდა შედგეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. ივანიშვილები მოდიან და აუცილებლად წავლენ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი რჩება. ესენი არიან ძმური, ახლო ერები, ეს არაერთხელ დაამტკიცეს, მათ შორის, უახლეს ისტორიაში. მე მზად ვარ, ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და არსებულ ხელისუფლებას აკისრებს. სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ასეთი რამ არ მოხდებოდა.
„ეს ყველაფერი, რაც ხდება, უნდა დავინახოთ კონტექსტში. მინდა, თითოეულმა ჩვენგანმა ჰკითხოს თავს, მიხეილ სააკაშვილის დროს შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი რამ განვითარებულიყო საქართველოში. რა თქმა უნდა - არა, ძალიან მარტივი მიზეზების გამო: ჯერ ერთი, საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ცდილობს ფეხები შეაწმინდოს საკუთარ ხალხს და ამას ხშირ შემთხვევაში ახერხებს. როდესაც გყავს მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება, მოსთხოვო სხვას, პატივი გცენ. მეორე – ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი და იყო ჩემი მთავრობა, ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანთან ძმური, ახლო და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, იცით, რატომ? იმიტომ, რომ არასდროს არაფერს ვითხოვდით საკუთარი ჯიბისთვის და ვითხოვდით ხალხისთვის. ივანიშვილს ისინი პატივს არ სცემენ, საქართველოს მთავრობას არაფრად აგდებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი არაფრად აგდებს სახლემიფო ინსტიტუტებს... დავფიქრდეთ, რატომ გაგვიჩნდა აზერბაიჯანთან ასეთი პრობლემები. აზერბაიჯანში რამე შეიცვალა? – არა. იგივე პრეზიდენტია და მთავრობა. სად შეიცვალა? –საქართველოში. გასაღები უნდა ვეძებოთ საქართველოში ცვლილებებში, რომ ის გახდეს ქვეყანა, რომელსაც პატივს სცემენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ მუშაობა მიმდინარე წლის მაისში განაახლა, რასაც წინ უძღოდა აპრილში, აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის რამდენიმე დღით ჩაკეტვა. კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთებს ექსპერტები დაათვალიერებენ. მლაპარაკებების პერიოდში, 23 მაისს, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანული მხარე, მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოებს ახორციელებდა. ამ დროისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს.