პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით.
„ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზა გავიარო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ საქართველო და კერძოდ, ქუთაისი ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმს უმასპინძლებს.