კონკურსი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, „1+4“ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.
შერჩეული დამხმარე მასწავლებლები გადანაწილდებიან ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში, სადაც სახელმწიფო ენის სწავლება განსაკუთრებულ წახალისებას საჭიროებს. ისინი ადგილობრივ მასწავლებლებს დაეხმარებიან ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 21 ივლისის ჩათვლით განაცხადის გაკეთება შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე. კანდიდატმა უნდა წარადგინოს ბაკალავრის დიპლომი და ქართულ ენაში მომზადების სერტიფიკატი.
მასწავლებელთა შესარჩევად გათვალისწინებულია ორი ეტაპი, განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატები სკოლებში გადანაწილებამდე გაივლიან ინტენსიურ მომზადებას. მათ ორი წლის განმავლობაში დაენიშნებათ 750 ლარამდე ხელფასი, ხოლო პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს დაუფინანსდებათ სწავლა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.