დღეს გამართულ პროცესზე დავით კირკიტაძემ აღიარა, რომ ველისციხეში 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების დროს შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, რომელიც ავტობუსის საჭესთან იჯდა.
„დავაპირე, რომ შიგნით შემეღწია, რათა გზიდან გადამეყვანა ავტობუსი. ამ დროს მოხდა ის ფაქტი, რაც საზოგადოებამაც იხილა. ჩემი მიზანი შეურაცხყოფის მიყენება არ ყოფილა, თუმცა ფაქტი ეს არის და ამას ვერავინ უარყოფს“, – განმარტა კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, შესაძლოა ბრალდებულსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.
„ფინალურ ეტაპზეა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხდა შეთანხმება ბრალზე. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ დავით კირკიტაძე გათავისუფლდება სასამართლო დარბაზიდან“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
დავით კირკიტაძე 2018 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაშია. ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის 17 დეკემბერს დააკავეს.
პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.