weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

GNCC ონლაინმედიის რეგულირებას უკანონოდ ახდენდა - სასამართლო „რეგინფოს“ საქმეზე

18:17 პარასკევი, 31 მაისი 2019

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევიძემ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ონლაინგამოცემა reginfo.ge-ს მიმართ. კომუნიკაციების ეროვნული კომისია reginfo.ge-ს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და 1500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა, იმ განმარტებით, რომ ვებგვერდმა კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

მოსამართლე დევი დევიძემ დღეს მიღებული დადგენილებით შეცვალა სხვადასხვა სასამართლოს მიერ მანამდე დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლითაც კომუნიკაციების კომისია ონლაინმედიას უკანონოდ აქცევდა თავისი რეგულირების სფეროში.

Reginfo.ge-ს ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მარიამ გოგოსაშვილი იცავდა.

საქმე ეხება reginfo.ge-ზე 17 მაისს გამოქვეყნებულ ნიუსს - „პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კალაძეს და სააკაშვილს აქვთ - კვლევა“. ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა არ შეეხებოდა 2019 წლის 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოკითხვას. მასში მხოლოდ საუბარი იყო, თუ რომელი პოლიტიკოსი სარგებლობდა ყველაზე მეტი ნდობით.

ამის მიუხედავადაც, კომუნიკაციების კომისიამ, ნიუსის გამოქვეყნების გამო, 24 მაისს, Reginfo.ge-ს გამომცემელ ორგანიზაციას, საინფორმაციო ცენტრების ქსელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

კომისიის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ასეთ შემთხვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს კი ადგენს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი (reginfo.ge) ოქმს არ დაეთანხმა. ქსელის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის თქმით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ არის უფლებამოსილი საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5-ე პუნქტითა და 82-ე მუხლის თანახმად, ონლაინ მედიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინოს.

საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლი, მათ შორის მე-5 პუნქტი, ეხება მხოლოდ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის, ავტორიზებული საეთერო მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, გაზეთების ვალდებულებებს, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აღნიშნული კი გამომდინარეობს შემდეგი გარემოებებით:

საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურებას“. აღსანიშნავია, რომ კომისიას აღნიშნული ნორმის საფუძველზე აქვს მიღებული დადგენილება „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული დადგენილება განსაზღვრავს ვისზე ვრცელდება ამ წესის შესაბამისად დადგენილი რეგულაციები. მათ შორის ონლაინ მედია არ არის.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა სასამართლო სხდომამდე წერილობით მიმართა კომისიას და მოითხოვა, განემარტათ, რის საფუძველზე ამოწმებს კომისია ონლაინ მედიას. კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის განმარტებით, „მონიტორინგს ექვემდებარება: სამაუწყებლო არხები, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთები და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლები. რაც შეეხება ონლაინ მედიას, მათი შემოწმება ხდება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევების/გამოკითხვების გამოქვეყნების ფარგლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში მოქმედებს“.

დღეს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა იოსებ ბაღაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 4 და 11 დეკემბერს მიღებული დადგენილებები წარადგინა (მოსამართლეები: ანა ჩხეტია, დავით წერეთელი), რომლითაც შპს „VS“ (წარმომადგენელი თარხან გასვიანი) და შპს „რეპორტიორი“ (წარმომადგენელი ნიკოლოზ მჟავანაძე) სამართალდამრღვევებად იქნენ ცნობილი, რადგან „ვეგბგვერდებზე კანონის დარღვევით გამოაქვეყნეს საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია“. ასევე, კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2016-2019 წლებში იგივე მიზეზით სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო ipress.ge; on.ge; ipn.ge; tabula.ge; pirveliradio.ge; medianews.ge; kvirispalitra.ge, ამჟამად კი ოქმები შედგენილია marneulifm.ge-ს და liberali.ge-ს წინააღმდეგ.

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ადვოკატმა მარიამ გოგოსაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ არცერთ წარდგენილ დადგენილებაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ კომისიის უფლებამოსილება არ ვრცელდება ონლაინ მედიაზე.

მოსამართლე დევი დევიძემ გაიზიარა საინფორმაციო ცენტრების ქსელის მოსაზრებები და reginfo.ge-ს მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. დადგენილების გასაჩივრება მხარეებს 10 დღის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]