weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

4 ივნისს თუშები გზის გახსნის მოთხოვნით მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ

13:08 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

4 ივნისს, 12:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, თუშები მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გახსნის მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორები ალვანში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ჩასვლას და მათგან პრობლემის გადასაწყვეტად სამოქმედო გეგმის წარდგენას ითხოვენ.

„მესამე წელია უკვე ეს პრობლემაა. ის ყურადღება, რისი გამოჩენაც შეუძლიათ, ნახევარიც არაა. მეცხვარეებს, მესაქონლეებს ყინვაში, თოვლში უწევთ საქონლის გადარეკვა, უღელტეხილს გადავლენ და მერე წელამდე ან ყელამდე წყალში უნდა იარონ. მესამე წელია ხელისუფლებამ თავი ვერ მოაბა, რომ სადაც დატბორილია, ის ადგილი გახსნას და წყლისგან დაცალოს. 

ახლა შეიძლება გახსნან გზა, რამდენიმე დღით, პირველივე წვიმაზე წყლის დონე აიწევს და ისევ ჩაიკეტება. სამი წელია ამბობენ, რომ პროექტირება ხდება, რით ვეღარ შეისწავლეს? რამის შესწავლა თუ შეეძლოთ, აქამდე შეისწავლიდნენ. წყალი რომ არ დაგუბდეს, სამუშაოებს უნდა ატარებდნენ შემოდგომაზე და არა გაზაფხულზე, როცა თოვლი დნება და მდინარე წყალუხვია. ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას „ტბის მონაკვეთის“ პრობლემა. დაიცალოს ტბა და ამ მონაკვეთზე გადაადგილება გახდეს უსაფრთხო, იხოცება საქონელი, შარშან ადამიანიც დაიღუპა.

ხვალ ვიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ გზის გახსნა. სამივე სოფლის, ზემო და ქვემო ალვნების და ლალისყურის მოსახლეობა შეიკრიბება. ეს ყველას პრობლემაა, ყველას გვეხება - ფერმერსაც, მეცხვარესაც, საოჯახო სასტუმროს მეპატრონესაც, გიდსაც, ყველა თუშს“, - უთხრა „მთის ამბებს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი აბულიძემ.

მისივე თქმით, თუშეთის გზაზე, წელს, 11 მაისს მომხდარი სტიქია იყო უმძიმესი, რომლის მსგავსიც ამ გზის არსებობის 40-წლიან ისტორიას არ ახსოვს: „მოვითხოვთ გამოიყოს შესაბამისი სახსრები რომ გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება მოხდეს კაპიტალურად“.

შეგახსენებთ, თუშებმა გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 2 მაისსაც გამართეს.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდა წელს თითქმის თვენახევრის დაგვიანებით დაიწყო. თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა 2017-2019 წლებში შპს „გერალის“ ვალდებულება იყო. გზების დეპარტამენტმა კომპანიას 1 236 791 ლარი გადაუხადა, თუმცა იმის გამო, რომ 2017 წლის ბოლოს, თუშეთის გზაზე, სოფელ ხისოსთან დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა მოწყდა, „გერალს“ ბევრად მეტი სამუშაოს შესრულება დასჭირდა და 2019 წლისთვის, გზის მოსავლელად თანხა აღარ დარჩა.

2019 წლის 6 მარტს გზების დეპარტამენტმა ახალი ტენდერი გამოაცხადა 1 030 000 ლარზე. ეს თანხა 2019-2020 წლებში თუშეთის გზის მოვლა-პატრონობისთვისაა გათვალისწინებული. 3 აპრილს, ტენდერში, ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებით, კომპანია „არილმა“ გაიმარჯვა, თუმცა მასთან კონტრაქტი მაისში გაფორმდა.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი აცხადებდა, რომ დეპარტამენტი ყველაფერს გააკეთებდა, რათა თუშეთის გზა მაისის ბოლოსთვის გახსნილიყო. გზა ღია ამ დრომდე არ არის.

11 მაისს, სტიქიამ თუშეთის გზა მდინარე სტორის ხეობაში არაერთ ადგილას დააზიანა, ლეჩურთან კი დაახლოებით 150 მეტრზე მთლიანად წაიღო. საქონლის ნაწილი თუშებს საზაფხულო საძოვრებზე ამ დრომდე ვერ გადაუყვანიათ. სასტუმროებსა და საოჯახო სახლებში გაუქმდა ჯავშნები.

„მთის ამბები“ ეცდება გზების დეპარტამენტიდან მოიპოვოს ინფორმაცია და დღის ბოლომდე გაგაცნოთ, რა გეგმა აქვს დეპარტამენტს თუშეთის გზის გასახსნელად და გზაზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. დიდთოვლობის, ზვავსაშიშროებისა და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის გამო, გზა ნოემბრიდან ზაფხულამდე ჩაკეტილია. ზამთარში, ახმეტიდან თუშეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი პერიოდულად სამოქალაქო რეისებს ასრულებს, რაც ადგილობრივებისთვის უფასოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]