მამუკა ხეცურიანის ექსტრადირების საკითხი უკრაინის პროკურატურამ პოლონური მხარის მოთხოვნის საფუძველზე დააყენა, რაც კიევის ერთ-ერთ სასამართლოში ხეცურიანმა გაასაჩივრა. საბოლოო ჯამში, სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მამუკა ხეცურიანი კიევში 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს დააკავეს. მას ბრალად ედება ქალაქ ლოძში 28 წლის პაულინა დ.-ს მკვლელობა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ქალი 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 26 ოქტომბერს ერთ-ერთი პარკში, ტბაში იპოვეს. ის პოლიეთილენში იყო გახვეული. პოლიციის ინფორმაციით, ქალი ბინაში მოკლეს, სიკვდილი კი ყელის არეში მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია. ის სავარაულოდ ნაცემიც იყო.
პოლონეთის პოლიციის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ლოძიდან 20 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში გაემგზავრა, 21 ოქტომბერს კი უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. მასზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა.
ინტერპოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მამუკა ხეცურიანი ქუთაისშია დაბადებული.