weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სათუშო შევიკრიბებით და გზის გახნას ჩვენით ვეცდებით – თუშების აქცია ალვანში

14:39 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გახსნის მოთხოვნით თუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, ხელისუფლებას სამდღიან ვადას აძლევენ იმისთვის, რომ სოფელ ხისოსთან დაგუბებული წყლის გაშვებაზე მუშაობა დაიწყოს და საავტომობილო გზა გაიხსნას.

„მაქსიმუმ სამ დღეს ვაძლევთ. თუ დაიწყებენ მუშაობას წყლის გაშვებაზე, დაიწყებენ, თუ არადა, მთელი სათუშო შევიკრიბებით და ჩვენი ძალებით, რა შესაძლებლობებიც გვექნება – ლეგალური თუ არალეგალური, ვეცდებით, გზის გახსნას და წყლის გაშვებას.

რა გავაკეთოთ სხვა? ხალხს საქონელი ვერ გადაყავს ნორმალურად, ტურისტული სეზონი ვარდება – სამთვიანი სეზონია და იმასაც ვერ ატარებენ. საოჯახო სასტუმროებსაც აქვთ ზარალი და მესაქონლეებსაც. ზოგიერთმა გარისკა და ამ წყალში გავიდა, საქონელი დაეხოცათ. ნაწილი კი შემოვლითი გზებით გადავიდა, რომელიც კიდევ უფრო სახიფათოა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სოსო ბაბულაიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება პრობლემისადმი საკმარის ყურადღებას არ იჩენს და დაგუბებული წყლის გასაშვებად ადგილზე არაფერი კეთდება.

„ბოლო სამი წელიწადია რაც მეწყერი ჩამოწვა. დაგუბებულია წყალი და ვერ ხერხდება დროულად გაშვება, იმიტომ, რომ არის გარკვეული ბიუროკრატიული საფეხურები, რომლის გავლას დიდ დროს ანდომებენ. ჩვენ, მაგალითად, 3 ივლისიდან სასტუმრო უკვე დაჯავშნილი გვაქვს. გვჭირდება მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. იმის გამო, რომ გზა არ იხსნება, ვერ გადაგვაქვს სამშენებლო მასალები. მარტო ცხვრის გადასვლა არ არის საკმარისი, მას უკან ბარგიც მოჰყვება და ათასი რაღაც.

უფრო მეტი ეფექტურობაა საჭირო და მონდომება იმისთვის, რომ გზა გაიხსნას. აქამდე რომ მოენდომებინათ, გზა გაიხსნებოდა კიდეც“, – აღნიშნა ლევან სულაკაურმა.

აქციაზე მივიდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი და კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი. როგორც ქარუმაშვილმა თქვა, ვერ დაეთანხმება თუშების პრეტენზიას, რომ გზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება თავის დროზე არ ხდება. მისი თქმით, 10 მაისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა უმოკლეს დროში შეაკეთეს.

„ამ დღეების უკან 11 ტრაქტირი მუშაობდა გზის გასაწმენდად. გზა ორივე მხრიდან გაწმენდილია და სპეციალისტების ჯგუფი მოაგვარებს ამ კონკრეტული ტბის ადგილზე წყლის დონის დაწევას. საყვედური, რა თქმა უნდა, ყოველთვის ექნებათ. მოსახლეობას არ აინტერესებს რა პრობლემის წინაშეა კომპანია, ტრაქტორის ოპერატორი თუ ა.შ. მათ უნდათ, გზა თავის დროზე გაიხსნას, რაზეც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, როდის გაიხსნება თუშეთის გზა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]