„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმდენად, რამდენადაც დღეს საქართველოში ფსიქიატრიული დაწესებულებების საწოლფონდი არის სრულად ათვისებული.
ამ მიმართულებით საქართველოში რეგისტრირებული საწოლფონდი 1300-მდეა, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი უჭირავთ ქრონიკულ პაციენტებს, რომლებიც მიზეზთა გამო იმყოფებიან ამ ინსტიტუციებში, თუმცა აქტიურ სამედიცინო ინტერვენციებს არ საჭიროებენ“, – განაცხადა კილაძემ.
მისივე თქმით, ფსიქიატრიული ცენტრები, რომლებიც თელავსა და სენაკში აშენდება, არ იქნება მხოლოდ სტაციონარული დაწესებულება.
„აქ იქნება თემზე დაფუძნებული სერვისებიც, ამბულატორიული სერვისებიც, კრიზისული ინტერვენციის ცენტრიც შეიძლება ამუშავდეს. ეს არის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რამდენადაც კახეთში სტაციონალური ცენტრი არ არსებობს და იგივე მდგომარეობაა სამეგრელოშიც. ამდენად, ეს ორი ცენტრი ბევრად უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის მონოპროფილური ცენტრი. დღეს, საქართველოში, ფსიქიატრიული სერვისების დეინსტიტუციონალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა.
ის სტიგმა, რომ ეს რაღაც ტიპის დახურული დაწესებულება იქნება, სადაც ხალხს დაამწყვდევენ, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, – აღნიშნა კილაძემ.
როგორც ლაშა კილაძემ თქვა, ფსიქიატრიული ცენტრების მშენებლობა ჩინელ პარტნიორებთან ერთად იგეგმება.
ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის მარტში დაანონსა.