weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვინ არიან ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილები

23:59 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019

ილიკო ბაიდაშვილი - მფრინავი, კოტე საცერაძე - გიდი და თორნიკე ოსიაშვილი - სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომელი - სამივე მათგანი ყაზბეგში, 6 ივნისს, დილით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

45 წლის ილიკო ბაიდაშვილი 2012 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, შეიარაღებული ძალების სახმელეთო–საჰაერო ძალების სარდლობის მთავარი შტაბის თანამშრომელი და სამხედრო მფრინავი იყო. მფრინავის კურსი ამერიკაში ჰქონდა გავლილი. მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

27 წლის კოტე საცერაძე რუსთავში ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ილიას უნივერსიტეტში, ტურიზმის სპეციალობაზე სწავლობდა. მუშაობდა გიდად და ბოლო პერიოდში სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგთან“ თანამშრომლობდა. კოტე საცერაძე დასაოჯახებელი იყო. მას ძმა და მშობლები დარჩა.

25 წლის თორნიკე ოსიაშვილი სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგში“ მუშაობდა. მისი რეგისტრაციის ადგილი ლილოს დასახლებაა.

ყაზბეგში ვერტმფრენმა კატასტროფა 6 ივნისს, დილით, აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა. შვეულმფრენი სოფელ აჩხოტში მდებარე ანგარიდან გამოიყვანეს და დაბა სტეფანწმინდაში, სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგში“ მიფრინავდა ტურისტების ასაყვანად. ვერტმფრენი ყუროს მთასთან ახლოს, სტეფანწმინდის შესასვლელში, ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარის თვითმხილველი, მწყემსი რეზო ფიცხელაური ამბობს, რომ დაინახა ვერტმფრენი როგორ ჩამოვარდა. მას არ შეუნიშნავს, რომ შვეულმფრენს ცეცხლი ეკიდა ან რამეს გამოედო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების მსუბუქი ხუთადგილიანი (ერთი პილოტი, ოთხი მგზავრი) ვერტმფრენი 2018 წელს არის გამოშვებული, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს არის დარეგისტრირებული და ავიაკომპანია „ავიატორი +“-ის ექსპლუატაციაში იყო. კომპანიის ინფორმაციით, ვერტმფრენმა ტექნიკური შემოწმება 22 მაისს გაიარა.

კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი მაღალი ძაბვის ხაზებს წამოედო. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამორიცხა იმ მიზეზით, რომ გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, 6 ივნისს ავარიული გათიშვა არ მომხდარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, ყაზბეგის ინციდენტი 2019 წელს მესამეა Bell 505 ტიპის ვერტმფრენისთვის. პირველი ინციდენტი 2019 წლის თებერვალში, იაპონიაში მოხდა. ვერტმფრენი გამოცდის დროს დაზიანდა და ავარიულად დაუშვეს სენდაის აეროპორტში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 2019 წლის მარტში კი კენიაში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა და ყველა დაიღუპა. კატასტროფა პილოტის შეცდომით ახსნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]