weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასმელი წყლის მოთხოვნით ნუკრიანში მცხოვრებმა ამერიკელმა აქცია გამართა

23:12 სამშაბათი, 11 ივლისი 2017

"ჩვენ გვჭირდება სუფთა წყალი" - ამ ლოზუნგით სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებმა ამერიკელმა ჯეფ აზიზმა გამგეობის წინ საპროტესტო აქცია გამართა და სოფლისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესება მოითხოვა. ჯეფი ამბობს, რომ ნუკრიანელებს წყალი კვირაში მხოლოდ ორჯერ ერთი საათით მიეწოდებათ.

"ჩემი პროტესტის მიზეზი ძალიან მარტივია - 21 საუკუნეში ვცხოვრობთ, 2017 წელში ვართ და ხალხს წყალი არ აქვს რომ დალიოს, იბანაოს და გარეცხოს. ნუკრიანში უკვე ხუთი წელია ვცხოვრობ. წყლის პრობლემა ყოველწლიურად უარესდება. წყალი კვირაში ორჯერ მოგვდის - სამშაბათს და შაბათს, ერთი საათით. დაახლოებით 2 კილომეტრში ვცხოვრობთ სიღნაღიდან, სადაც წყალი ყოველდღე მიეწოდებათ", - უთხრა "რეგინფოს" ჯეფმა.

გუშინ სოფელ ნუკრიანში წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მან და სოფლის 100-ზე მეტმა მცხოვრებმა გამგეობას ხელმოწერები წარუდგინეს. გამგეობის წარმომადგენლებმა ხალხთან შეხვედრაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ ნუკრიანის წყლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა და არა გამგეობა. ჯეფთან შესახვედრად დღეს სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი გამოვიდნენ, თუმცა ხალხის წინ საუბარზე უარი უთხრეს.

"შუა პროტესტის დროს ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, შიგნით შევსულიყავი. ვუთხარი, რომ პროტესტს არ შევწყვეტდი, მაგრამ სიხარულით გავესაუბრებოდი მათ ხალხის წინ, დემონსტრაციის დასრულების შემდეგ. მიპასუხეს, რომ არ დამელოდებოდნენ. მათ უარი მითხრეს ხალხთან ერთად დალაპარაკებაზე", - ამბობს ჯეფი.

დღევანდელი აქციის შემდეგ მას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა. კომპანიის განმარტებით, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა მრიცხველების დაყენებაა.

"გვითხრეს, რომ სოფელს დიდი რაოდენობის წყალს აწვდიან, მაგრამ დისტრიბუციის პრობლემაა და წყალი მცხოვრებლებს შორის თანაბრად არ ნაწილდება. ზოგი წყალს 4 საათი იღებს, ზოგი კი 1 საათითაც ვერა. ამ პრობლემის გადასაჭრელად უნდათ, რომ მრიცხველები დააყენონ, მაგრამ ხალხს წყლის საფასურის გადახდის ფული არ აქვს და უარს ამბობს. მესმის, რომ ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი სახსრები, ყველას უფასოდ მისცეს წყალი, მაგრამ ვფიქრობ პროგრესი უნდა გვქონდეს და როგორმე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა", - ამბობს ჯეფი.

მისივე თქმით, კომპანიაში დაპირდნენ, რომ დაიწყებენ სოფლის იმ მცხოვრებლების აღრიცხვას, ვისაც მრიცხველის დაყენება სურს. ეს პროცესი შესაძლოა ორი ან სამი თვე გაგრძელდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]