გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მცხოვრებ ცოლ-ქმარს - 1952 წელს დაბადებულ შ.ო.-ს და 1969 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, იარაღიდან არაერთხელ ესროლა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა შ.ო.-ს, ხოლო მისი მეუღლე თავის არეში დაჭრა.
„მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა კასპის საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადეს შსს-ში.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.