weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რაიონებში მასწავლებლებს ქრისტიანობის შესახებ ლექციებზე დასწრებას ავალდებულებენ

11:44 შაბათი, 08 ივნისი 2019
ფოტო Sanata Ochiauri / Facebook ფოტო Sanata Ochiauri / Facebook

საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პედაგოგები აცხადებენ, რომ სკოლის ადმინისტრაცია მათ ავალდებულებს იმ ლექციებზე დასწრებას, რომლის თემა წინასწარ არ იციან. სანათა ოჩიაური ამბობს, რომ ის და სხვა მასწავლებლები, მათ შორის მუსლიმები, წალკიდან რუსთავში ჩაიყვანეს, სადაც ქრისტიანობის შესახებ ლექცია ჩაუტარეს. ქუთაისის უნივერსიტეტში კი მასწავლებლებს საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობაზე ესაუბრნენ.

„წალკის რაიონიდან წამოგვიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, თუმცა არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო - „სამინისტროს დავალებაა“.

ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე მხოლოდ იმისთვის, ვინმე აკაკი მინდიაშვილს წაეკითხა ქრისტიანობისა და სახარების არსზე ლექცია, რომელიც არ ყოფილა ინტერაქტიული, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს ჩვენთვის.

ასე მორჩილად უსმენდა ლექციას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა პედაგოგების ის 80%, რომელიც მუსულმანური აღმსარებლობისაა. მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე.

განათლების სამინისტროს ვთხოვ, ამიხსნას, რატომ იყო სავალდებულო და აუცილებელი, რომ 100 კილომეტრი გამოგვევლო იმისთვის, რათა ვიღაც თეოლოგისთვის გვესმინა, მისი წიგნების პრეზენტაციას დავსწრებოდით და სკოლაში 5 გაკვეთილი გამეცდინა ბავშვებისთვის? რა კავშირი ჰქონდა ამას განათლებასთან? ამასთანავე არცერთმა მასწავლებელმა არ ვიცოდით, რისთვის მოვდიოდით, რაც, ჩემი აზრით, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა განათლების სამინისტროს მხრიდან.

ხატი, წერილი მოვიდა სკოლაში, რომ 7 ივნისს 9.30 საათზე უნდა ვყოფილიყავით რესურსცენტრში, რათა რუსთავში შეხვედრაზე წავეყვანეთ. რა შეხვედრა იყო, რის შესახებ, ან ვისთან არ აუხსნიათ და ეს იყო „სავალდებულო“, „აუცილებელი“. უარის თქმის უფლებაც არ გვქონდა“, – წერს სანათა ოჩიაური სოციალურ ქსელში.

სანათა ოჩიაურის განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებლები გამოეხმაურნენ. „უეჭველი მსგავსი შეხვედრაა ხვალ ახალქალაქში. ჩვენთანაც ქართულის მასწავლებლები დაიბარეს. ღვთისმშობლის წილხვედრობასთან დაკავშირებითო და გავოცდი. კითხვები დამებადა და პასუხი ვერ მივიღე“, – წერს ერთ-ერთი პედაგოგი.

გამოცემა „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, ღვთისმშობლის წილხვედრილობის თემაზე ლექციები ქუთაისის უნივერსიტეტში 3, 4 და 6 ივნისს ჩატარდა და მას მასწავლებლები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ესწრებოდნენ. ლექციები ლავრენტი ჯანიაშვილმა და ნანა მრევლიშვილმა წაიკითხეს.

„სკოლაში გვითხრეს, რომ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავით ქუთაისში რაღაც შეხვედრაზე, არავის დაუზუსტებია არც თემა და არც მიზანი. როდესაც ჩამოვედით აღმოჩნდა, რომ საპატრიარქოს დავალებით, ლექციას გვიკითხავდნენ ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე“, – ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი ხონიდან.

ქუთაისის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ ლექციებს, განათლების სამინისტროს დავალებით დაუთმეს ფართი მათ მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, თუმცა პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.

განათლების სამინისტროს ლექციებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. სხვადასხვა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კი სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლექციები მათ მიერ არ არის ორგანიზებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]