როგორც „მთის ამბებს“ ბეჩოში მესტიის მუნიცაპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სიმონ არღვლიანმა უთხრა, ახალგაზრდები გვიან ღამით ბეჩოს ხეობიდან სახლში ბრუნდებოდნენ, სავარაუდოდ, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და მანქანა მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა დღეს დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო. სიმონ არღვლიანის თქმით, მდინარეში მანქანის ბამპერი და სანომრე ნიშანი იპოვეს.
ძლიერი წვიმებისა და მთაში თოვლის დნობის გამო, მდინარე დოლრა ისეა ადიდებული, რომ მაშველები წყალში ვერ შედიან. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში დოლრა ენგურს უერთდება. „ხალხმა ნაპირიდან დოლრას მთელი ხეობა დაათვალიერა და მანქანა ჯერ ვერ ნახეს“, - ამბობს სიმონ არღვლიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მაშველების დამატებითი ჯგუფი გზაშია, ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და ღონისძიებებს შემდეგ დაგეგმავენ.