weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

შემოქმედის მცხოვრებლები ბჟუჟის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

19:13 შაბათი, 08 ივნისი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის თემის მცხოვრებლები ბჟუჟის ხეობაში 5-მეგავატიანი „ბჟუჟა-2 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. მათ დღეს ის შეხვედრა ჩაშალეს, სადაც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის პრეზენტაცია უნდა გაემართათ.

„გურია TV“-სთან ინტერვიუში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სოფელი წყლის გარეშე დარჩება, ბჟუჟის ხეობაში კი ტურიზმის განვითარება შეუძლებელი იქნება.

„შეხვედრა უნდა ჩაშლილიყო იმიტომ, რომ არასწორი გათვლებია. მდინარე ბჟუჟი ძალიან შემცირებულია. ჭებში წყალი უკვე აღარ არის. საქონელს და ადამიანს წყალი ხომ უნდა?! ეს პროექტი მოგონილია იმისთვის, რომ კერძო კომპანიები გამდიდრდნენ. დაანებონ შემოქმედს თავი“;

„სოფელს უფრო მეტი ზარალი მიადგება, ვიდრე სარგებელი იქნება, იმიტომ, რომ მივიღებთ ორკილომეტრიან ხრიოკს. არ იქნება ტურიზმის განვითარების პერსპექტივა. ხეობაში, ფაქტობრივად, წყალი არ იქნება. ეს ყველაფერი ბუნების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ. სახელმწიფო უნდა განვითარდეს, მაგრამ არა სოფლის განადგურების და ზარალის ხარჯზე“;

„ამ სოფელში ერთადერთი, რაც თავის მოსაწონებელია, ჩვენი ბჟუჟის ხეობაა. საქართველოს ეკონომიკას რომ ხელი შევუწყოთ, თანახმა ვართ, მშენებლობა უკვე არსებული ჰესის ზემოთ გააგრძელონ, სადაც ტურიზმის განვითარებისთვის ხედვა არ არსებობს;

„სადაც ჰესს აკეთებენ, იქ ჩამოდის ტურისტი, მსოფლიო ჩემპიონატი იმართება ჯომარდობაში. მაინც და მაინც იმ ადგილის დახრიოკება უნდათ. წინააღმდეგია მთელი სოფელი“, – აცხადებენ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები.

მდინარე ბჟუჟის კალაპოტში ჰიდროელექტროსადგური „ბჟუჟა-2 ჰესი“ შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ უნდა ააშენოს. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის ადგილობრივების პრეტენზიები გაუგებარია.

„ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება წყალი არ დარჩეს, იმიტომ, რომ კანონი გვავალდებულებს – როცა ჰესის წყალაღება მოხდება, წყალი დარჩეს. აქედან გამომდინარე, მე ამას ვერ მივიღებ. წყალი რომ არ დარჩეს, ესეთი რამ არ არსებობს. პასუხი ვერ გავიგე, ხალხი წინააღმდეგი რატომ არის. ნახევარიც კი არ მქონდა ნალაპარაკები, როცა ხალხი ადგა და გავიდა“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

„ბჟუჟა-2 ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) წინასწარი ვერიის საჯარო განხილვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაახლოებით ერთი წლის წინ გაიმართა. როგორც მაშინ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის წარმომადგენელმა თქვა, პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.

„ბჟუჟა-2 ჰესის“ აშენება ოზურგეთის რაიონში, მდინარე ბჟუჟას ხეობაში, სოფელ გომის მახლობლად იგეგმება. გარდა საპროექტო „ბჟუჟა-2 ჰესისა“ ხეობაში ფუნქციონირებს დერივაციული ტიპის „ბჟუჟა ჰესი“, რომელიც საპროექტო ჰესის შენობიდან დაცილებულია დაახლოებით 2 კილომეტრით.

გზშ-ს წინასწარი ვერსიის თანახმად, არსებული „ბჟუჟა ჰესის“ ქვედა ბიეფთან მოეწყობა „ბჟუჟა 2 ჰესის“ სათავე ნაგებობა კაშხლითა და მიმღები გალერეით. ჰესს ძირითადი საჭირო წყალი მიეწოდება არსებული „ბჟუჟა ჰესის“ ქვედა ბიეფიდან, ხოლო დანარჩენი წყალი –მდინარე ბჟუჟადან. სათავე ნაგებობაზე დამონტაჟდება ძირითადი ფარი, ამწე მექანიზმები, თევზსავალი, მიმღები გალერეა ცხაურებთ და გამრეცხი ფარი, საიდანაც წყალი გადავა დაახლოებით 400 მეტრიან უდაწნეო არხში და ჩაედინება სალექარში. სალექარიდან, სადაც მოხდება მდინარის ნატანის დალექვა, სადაწნეო 1800/1600/1400-მილიმეტრი დიამეტრის მილსადენით, სიგრძით დაახლოებით 1600 მეტრი, მოხდება წყლის მიწოდება ჰესში დამონტაჟებულ ორ ტურბინაზე. ნამუშევარი წყალი ისევ მდინარე ბჟუჟაში ჩაედინება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]