სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება 2018 წლის 14 დეკემბერს დაიწყო. სწორედ ამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა დაკავებული ალექსი ს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 8 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ბილდინგ-დეველოპერს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოფელ ბადიაურში წყლის ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. შპს „ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორმა ალექსი ს.-მ არასრულყოფილად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 21 921.86 ლარის ოდენობით“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მათივე ცნობით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.