weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსთავი 2-მა „ტროლებზე“ მომზადებულ სიუჟეტში ქარტიის ოთხი პრინციპი დაარღვია

15:10 კვირა, 09 ივნისი 2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა „ტროლებთან“ დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში ქარტიის ოთხი პრინციპი დაარღვია: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

სადავო სიუჟეტი გადაცემა „შაბათის კურიერში“ 16 მარტს გავიდა სახელწოდებით - „ტროლები ოპონენტებისთვის“ და ეძღვნებოდა ხელისუფლების მიერ ინტერნეტში სხვადასხვა პირთა დისკრედიტაციისთვის შექმნილ ანგარიშებს.

სიუჟეტში ნახსენები იყო ლელა კურდღელაშვილიც.

რესპონდენტი, რომელიც ზურგით ზის კამერასთან და რომლის იდენტიფიცირება შეუძლებელია, სიუჟეტში ყვება, როგორ შეხვდა მას 2017 წლის მერის არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ოფისში „ლელა“. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტი თავდაპირველად არ აკონკრეტებდა, ვინ იყო „ლელა“, მარიამ გაფრინდაშვილი მას კითხვას უზუსტებს და ეკითხება: ეს იყო ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი? რასაც რესპონდენტი ეთანხმება.

ლელა კურდღელაშვილის განცხადებით, ამ პერიოდში ის მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, საერთოდ არ ჰქონდა შეხება „ქართულ ოცნებასთან“ და არც კოკა ყანდიაშვილის პროექტებში ყოფილა დასაქმებული.

ლელა კურდღელაშვილს მიაჩნია, რომ „რუსთავის 2“-ის ეთერში გავიდა არაზუსტი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი - სიზუსტე.

მისივე თქმით, ჟურნალისტმა ასევე დაარღვია ქარტიის მე-3 პრინციპი (მიჩქმალვა): „მარტის დასაწყისში, როცა მარიამ გაფრინდაშვილი ტელეფონით მესაუბრა, მას ვუთხარი, რომ კოკა ყანდიაშვილის პროექტში „ეს პერსონა“ მუშაობა დავიწყე 2019 წლის თებერვლის ბოლოს. სიუჟეტში მან საერთოდ არაფერი თქვა ამის შესახებ და არც ჩემი კომენტარი გაავრცელა“.

ლელა კურდღელაშვილის თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მას და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ: „წარმოუდგენელი ბულინგის, ორკესტრირებული „თრევის“ ობიექტი გავხდი სოციალურ ქსელებში, რამაც გარკვეული რისკის ქვეშ დააყენა არამხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ფეისბუქის მეშვეობით ხდებოდა გაუგონარი ლაფის სხმა, მუქარა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მისამართით, რაც იყო სრულად მართული და ამ კამპანიის მიზეზი გახდა ამ სიუჟეტში მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტები და ამ ყველაფრის მიზანმიმართულად ჩემზე გადმობრალება. ამის მიუხედავად, რედაქციამ კი არ შეასწორა შეცდომები (ქარტიის მე-5 პრინციპი), პირიქით, სრული დეზინფორმაცია გაავრცელა. აღმოვაჩინე, რომ თურმე გასაუბრებაზე დაბარებულ ხალხს მე ვხვდებოდი „ქართული ოცნების“ ოფისში. ეს მოხდა ინფორმაციის გასწორების სანაცვლოდ. არადა, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ იცოდა, რომ კოკა ყანდიაშვილი მზად იყო, მისულიყო პირდაპირ ეთერში და ესაუბრა ყველაფრის შესახებ. მან არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რომ უშუალოდ ყანდიაშვილთან ინტერვიუს საშუალებით გამოეკვლია სიმართლე ტროლინგის და თიბისი ბანკზე კიბერ შეტევის შესახებ“.

განმცხადებლის განმარტებით, გასწორების სანაცვლოდ, 16 მარტს გასულ სიუჟეტში ინფორმაცია კიდევ უფრო დამახინჯდა და მიზანმიმართულად გაყალბდა უშუალოდ მასთან მიმართებაში, რის გამოც დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი (განზრახ დამახინჯება).

ლელა კურდღელაშვილი ქარტიის მე-4 პრინციპის დარღვევაზეც დავობდა, რაც საბჭომ არ გაიზიარა. მეოთხე პრინციპის თანახმად, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს. ლელა კურდღელაშვილის თქმით, გაუგებარია, საიდან აქვს მოპოვებული ჟურნალისტს მისი ID ფოტო, რაც პირადი ნომრის ცოდნის გარეშე შეუძლებელია და ეს ინფორმაცია მას არ გადაუცია.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობითი შეპასუხება წარუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ქარტიის საბჭო მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]