„როგორც კი გადმოვედი ჩემი მანქანიდან, ეგრევე წამოვიდნენ. ვცადე იმ ადგილამდე მისვლა, საიდანაც ხილვადობა კარგი იყო. ბორდიურსა და მანქანებს შორის მივდიოდი. თავს 10-მდე პოლიციელი დამესხა. ერთმა ტელეფონის წართმევა სცადა, მეორემ ხელი მკრა და ბეჭებში ჩამარტყა. დანარჩენებმა ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია. არ უნდოდათ რომ ავარია გადამეღო. სავარაუდოდ, დაფარვა სურდათ, არც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ავტობანის მეორე მხარეს გადავედი და მაინც გადავიღე“, - ამბობს ჟურნალისტი.
შსს-ს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, გუშინ, ღამის საათებში ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოპერატიული ავტომობილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა და დაზიანდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„აღნიშნული ფაქტის გაშუქების მიზნით, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მივიდა ადგილობრივი მედიასაშუალების „Qartli.ge“-ს რედაქტორი. მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა მის საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტს. მომართვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას, ადგილი ჰქონდა თუ არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის შესაძლო ფაქტს“, - განაცხადეს სამინისტროში.
ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს და ისმის, რომ პოლიციელები მის მიმართ აგრესიას გამოხატავენ და ხელს უშლიან მუშაობაში.