გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, პროექტით ასევე გათვალისწინებულია ფარავნის ტბის ჯებირის გაკეთება. სამუშაოებისთვის ბიუჯეტით 3 050 982 ლარი განისაზღვრა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები: ცენტრალური ტრასიდან მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის რეაბილიტაცია და პარკინგის მოწყობა გზის მიმდებარედ, მონასტრის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე; ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა; დარბაზული სახლის რეაბილიტაცია; სამეურნეო დანიშნულების სათავსოს აშენება; ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდის მოწყობა; ტერიტორიის კეთილმოწყობა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივი ქვის ღობეებით, გარე განათებით; ფარავნის ტბის ნაპირას საყოველთაო სანათლავისა და საფეხმავლო პანდუსის მშენებლობა; ფარავნის ტბის ნაპირას ავტოსადგომის, სანკვანძისა და გადმოსახედის მშენებლობა; ფარავნის ტბის წყლის სარეგულაციო ფარის მშენებლობა; წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსიდან საყოველთაო სანათლავამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთება და გარე განათების სისტემის მოწყობა.
ფოკის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და ფარავნის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პირველ ივნისს, ნინოწმინდაში სტუმრობისას განაცხადა.
ფოკას წმიდა ნინოს ტაძარი XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. მისი დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მას რესტავრაცია 1990-იან წლებში ჩაუტარეს.