კომიტეტის სხდომაზე საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ორ კანდიდატს – ვალერი ლომუაშვილს და ლონდა თოლორაიას მოუსმინეს. თოლორაიას მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, ვალერი ლომუაშვილმა კი საჭირო ხმები ვერ მიიღო.
ლონდა თოლორაიას კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 1-ელ ივლისს ეწურება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი დარღვევებით ჩატარდა, რადგან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მხოლოდ ლონდა თოლორაია აკმაყოფილებდა, თუმცა ხელახალი კონკურსის თავიდან არიდების მიზნით, კომისიამ მეორე ეტაპზე დაუშვა ფორმალური კანდიდატი – ვალერი ლომუაშვილი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს კონკურსის წესების დარღვევით შერჩეულ კანდიდატებს.