შსს-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და ახალგაზრდა კაცმა იარაღი პოლიციელების მოთხოვნისთანავე დააგდო. ის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში ბრალდებულის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილის ასეთი საქციელი პოლიციისგან მიღებულ მესიჯს მოჰყვა.
„გვიან ღამით ჩემს ტელეფონზე მოვიდა ჯარიმის მესიჯი პოლიციისგან. ასე გვიან რომ ვიღაცამ მომწერა და რომ დაინახა, ეს პოლიცია იყო, აღელდა – მომეცი ერთი ტელეფონი, ვინ გაწუხებსო. ნასვამი იყო. არ ვიცი, ასე დაბინდული გონებით რა იფიქრა და ამ ამბავს ეს ყველაფერი მოჰყვა“, – ამბობს 25 წლის ახალგაზრდის დედა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელა. მას 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
„პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, რაც ვერ დაასაბუთეს. დაკავებულს დახასიათება ჰქონდა სამუშაო ადგილიდან, რომ წესიერი ადამიანია. მას დადებითად ახასიათებენ მეზობლები, ასევე – მისი ჯგუფელები. იგი ფეხბურთის გუნდში თამაშობს და უნივერსიტეტშიც სწავლობს. ამ პიროვნებისგან ახალი დანაშაულის ჩადენა, მიმალვა ან მოწმეზე ზეწოლა გამორიცხულია. ამიტომ მოსამართლემ გირაო შეუფარდა“, – უთხრა ადვოკატმა „სამხრეთის კარიბჭეს“.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.