weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სიძულვილის ენის საკითხი კანონით უნდა დარეგულირდეს – კახა ბექაური

11:11 პარასკევი, 14 ივნისი 2019

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური მოუწოდებს პარლამენტს, დააჩქაროს კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება.

კომისიის ინფორმაციით, ამ საკითხზე კახა ბექაურმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ეუთოს რეკომენდაციებზეა აგებული.

„სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ბევრი საკითხი განიხილება, მათ შორის ჩვენი, მედიის საკითხი საარჩევნო კონტექსტში, თუმცა გამოსაყოფია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ეს ეხება სიძულვილის ენას, რომელიც არ არის მხოლოდ საარჩევნო პერიოდის საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი ასევე არასაარჩევნო პერიოდშიც.

დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან. სიძულვილის ენის საკითხი ჩვენი კანონმდებლობით არ რეგულირდება და მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირებაშია მისი გასაჩივრება შესაძლებელი. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, არასაარჩევნო კონტექსტის გარეთაც, ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ კანონში არსებული ხარვეზი გავასწოროთ და შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევრო დირექტივასთან“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისივე თქმით, EBRD-ისა და ევროკომისიის ექსპერტების დასკვნით, ქართული კანონმდებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის კუთხით შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან და საჭიროებს ცვლილებას.

„ევროპელმა ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპის კანონმდებლობასთან და სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა გადავიდეს რეგულირების სფეროში.

ასევე, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი მექანიზმი იმისთვის, რომ მედიასივრცეში აღმოფხვრილ იქნას სიძულვილის ენით საუბარი. აღნიშნული დასკვნების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით ჯერ კიდევ 6 თვის წინ, 2018 წლის დეკემბერში. პრობლემაა, რომ ამ დრომდე ის არ განხილულა და არ გადარქმნილა ინიციატივად. შემდეგი პრობლემაა არის ის, რომ ჩვენ აღნიშნული ვალდებულების შესრულებას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს 2019 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად, სავარაუდოდ ვეღარ ესწრება ცვლილებების მიღება და ჩვენ ამ ვადას დავარღვევთ“, – აღნიშნავს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში კომისიის ინიციატივით არ მომხდარა, ის ევროკომისიისა და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაცია იყო და სწორდ ამიტომაა მისი განხილვა და მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

„იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის წევრები გავხდეთ, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია სავალდებულოა. ევროპაში სიძულვილის ენა რეგულირდება, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს ეფექტიანი მექანიზმი, რომ მოქალაქე იყოს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სიძულვილის ენას  თვითრეგულირებაში დავტოვებთ, ევროპელები ამას დარღვევად ჩაგვითვლიან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემაა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]