როგორც „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა სოციალურ ქსელში დაწერა, არ აპირებენ ტერიტორია ყვითელი ავტობუსებით დატოვონ.
„ალყაში ვართ ორივე მხრიდან. კიდევ ერთხელ.
ველოდებით ხელისუფლების განცხადებებს. დაიგმოს ძალადობა და აიღონ პასუხისმგებლობა მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფაზე.
არ ვაპირებთ აქედან მორიგ ჯერზე ყვითელი ავტობუსებით გასვლას! პოლიციას შეუძლია უზრუნველყოს ფაშისტური ჯგუფების გაყვანა ამ მეთოდით“, – წერს გიორგი თაბაგარი.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა „თბილისი პრაიდის“ გამართვა არ დაუშვას. აქცია სახელწოდებით „სად ხარ სახელმწიფოვ“ 19:00 საათზე დაანონსდა, თუმცა ადგილზე მისულ აქტივისტებს იქ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დახვდნენ შეკრებილი. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. კონტრაქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა სცადეს, რა დროსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ადმინისტრაციული წესით, ოთხი მათგანი დააკავეს. მოგვიანებით, კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე იქნა დაკავებული, რომელიც გამოცემა „ლიბერალის“ ჟურნალიტს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდა.
ლგბტქი თემი პრაიდის გამართვას 18-23 ივნისს გეგმავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტა, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ადგილებზე და დაგეგმილი ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა ცნობით, შსს-მ მათ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ დახურულ სივრცეში გადატანა შესთავაზა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შსს-მ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. ნინო ლომჯარიამ სამინისტროს მოუწოდა, „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე აწარმოოს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზება.