შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.
„პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება. სამინისტრო დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეო-მასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება.
სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – აცხადებენ შსს-ში.
გუშინ, 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა. პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა „თბილისი პრაიდის“ გამართვა არ დაუშვას. აქცია სახელწოდებით „სად ხარ სახელმწიფოვ“ 19:00 საათზე დაანონსდა, თუმცა ადგილზე მისულ აქტივისტებს და პოლიტიკოსებს იქ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დახვდნენ შეკრებილი. ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. ადგილი ჰქონდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების მიმართ მუქარას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
„თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება დაახლოეებით ღამის ოთხ საათზე მიიღეს. როგორც პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა განაცხადა, დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებზე მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს ორშაბათიდან განაახლებენ.
ლგბტქი თემი პრაიდის კვირეულის გამართვას 18-23 ივნისს გეგმავს.