„ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და უნდათ, თავს მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია. ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც. არ შეიძლება ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ძალიან დიდი ნაწილი ერის რასაც დაუჭერს მხარს. მოსახლეობის ამ მორალურ ტერორს შეეშვან და იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ. არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ რაღაც მიუღებელი რომ მივიღოთ, ასეც არ გამოვა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
ქადაგების დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ დაპირისპირების პროვოცირება არ შეიძლება „იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკოსებიც ერევიან ამ საკითხში და ნამდვილად დააზიანებენ სახელმწიფოს“.
„პასუხისმგებლობა იმ ჯგუფებზეა, ვისაც მაგის ჩატარება უნდა. ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ.
სხვა პრობლემებს ვერ ხედავენ საქართველოში, პრაიდებს რომ დასდევენ? ეხლაც ხალხი რომ გამოვიდეს, რას შვრებიან? პოლიცია კორდონს ვერ გააკეთებს განრისხებულ ხალხთან. ეს ძალადობაა მათი მხრიდან, „პრაიდი“ ჰქვია თუ რა ჰქვია... არიან ჩვეულებრივი მოძალადეები. მორალურ ტერორში ამყოფებენ ხალხს. ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და მიხვდებიან, რომ არ უნდა დაუპირისპირდნენ საზოგადოებას.
რა უფლება უნდათ? ვინმე რამეში ზღუდავთ? არაფერში არ ზღუდავენ. ქურდულ შეკრებას სახელმწიფო ხომ არ დაუშვებს? ეკლესია ნებისმიერი სახის სიძვისა და მრუშობის მოწინააღმდეგეა.
არის ქვეყნები სადაც ეგ დაშვებულია. ღია საზღვრები გვაქვს, წავიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და მერე ჩამობრძანდნენ. ჩვენ თავი გაგვანებონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
14 ივნისს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას „თბილისი პრაიდის“ ჩატარება, რომელიც 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ პრაიდის ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „სად ხარ სახელმწიფოვ“ დაანონსეს, თუმცა ადგილზე მისულ აქტივისტებს და პოლიტიკოსებს იქ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დახვდნენ შეკრებილი. კონტრაქციაზე მივიდნენ ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირებიც. ისინი „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერთა აქციის ჩაშლას შეეცადნენ - იმუქრებოდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც პრაიდის მხარდამჭერებს, ისე ჟურნალისტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქციაზე 28 ადამიანი დააკავეს.
„თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები ხელისუფლების მხრიდან განცხადების გაკეთებას - ძალადობის დაგმობასა და მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღებას ითხოვდნენ, თუმცა ისე დაიშალნენ, არავინ გამოხმაურებიათ. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.