„ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.
ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.
პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და
ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
18-დან 23 ივნისის ჩათვლით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას აპირებენ, 23 მაისს კი „ღირსების მარშია“ დაგეგმილი.
გუშინ, 18 მაისს, „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ მიუხედავად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და არ აპირებენ მის გაუქმებას.
„გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეში ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება“, – აცხადებენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები.