ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ გიორგი მარგველაშვილს ჰკითხეს, რომ მიეწვიათ, მივიდოდა თუ არა პრაიდში, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი მესიჯი იქნებოდა არასწორი, რადგან „ამ ორიენტაციის წარმომადგენელი“ არ არის.
„პრაიდში ჩემი მისვლა იქნებოდა ტყუილი, იმიტომ, რომ მე არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი. ვხედავ, რომ ისინი დასაცავები არიან, მაგრამ მე მათთაგანი არ ვარ. ამიტომ მე დავდგებოდი იმ პოლიციელის გვერდით, რომელიც იცავს პრაიდს და იქ დავინახავდი საქართველოს, ქრისტიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ლგბტ თემი თავს არავის ესხმის, არამედ თავს იცავს იმ აგრესიისგან, რომელიც საზოგადოებაშია.
„თუ მაინც და მაინც პრაიდი არ გინდა, როდესაც სხვა ორიენტაციის ადამიანს - სამწუხაროდ, ნიუსებში გაიგებ, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოკლეს,შეურაცხყოფა მიაყენეს, პირველი შენ უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ ეს მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში საჭირო აღარ იქნება ამ ადამიანების მიერ ასე თავგანწირულად საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ ეს უნდა ვიგრძნოთ. ისინი ჩვენ კი არ გვესხმიან თავს, ისინი თავს იცავენ არა ჩემგან და ვიღაც ადამიანისგან, არამედ იმ აგრესიისგან, რომელიც არსებობს საზოგადოებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.