„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – პირველი არხის ინფორმაციით, ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.
მეტროს თანამშრომელმა დანი ტატუნაშვილმა პირველ არხს უთხრა, რომ „ჩვეულებრივ ბიჭებს წვერებიანი და კიკინებიანი ბიჭი“ არ მოეწონათ.
„მოდიოდნენ ესკალატორზე ხმაურით. რომ გადმოვიდნენ, დაახლოებით ექვსი ბიჭი დაელოდა სხვებს და შემდეგ დაუწყეს ცემა ახალგაზრდებს, იქვე, ესკალატორთან. ერთი ცუდად გახდა, მე პატრულსაც დავურეკე. შემდეგ ის პირები გაიქცნენ. დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა ჩხუბი. პატრულმა შეიყვანა ყველა. დაშავებული იყო წვერიანი მამაკაცი, რომელიც დავარდა, გული წაუვიდა და ასულიერებდნენ. მერე გონებაზე მოიყვანეს და წავიდა. ბიჭებმა წაიყვანეს.
ჩვეულებრივ ბიჭებს ეს წვერებიანი და კიკინებიანი ბიჭი არ მოეწონათ და ალბათ, მაგიტომ იჩხუბეს.
ათნი იქნებოდნენ სულ. ესკალატორიდან რომ ამოვიდნენ, მაშინვე ატყდა ჩხუბი. ორივე მხრიდან ბევრნი იყვნენ. თვითონ ბიჭებმა გააშველეს ჯერ ერთმანეთი და მერე პატრულმა გააშველა“, – განაცხადა თვითმხილველმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხულიგნობა) და 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობა) მიმდინარეობს.