„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად სავარაუდოდ იმის გამო გაუსწორდნენ, რომ საყურე ეკეთათ. დაპირისპირების ფრაგმენტის ამსახველი ვიდეო პირველმა არხმა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტს მათი ჟურნალისტი შეესწრო.
„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – პირველი არხის ინფორმაციით, ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხულიგნობა) და 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობა) დაიწყო.