weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გოგოს, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, მთავრობა სამკურნალოდ უცხოეთში აგზავნის

23:15 ორშაბათი, 24 ივნისი 2019
ფოტო © რადიო ფორტუნა ფოტო © რადიო ფორტუნა

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევისას დაშავებული 18 წლის მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელმა დალი გოგოლაძემ გაავრცელა.

„მაკო გომურის საზღვარგარეთ, საუკეთესო კლინიკაში მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს! ეს მცირედია, მაგრამ ამითაც განვსხვავდებით ალბათ მავანთაგან“ – წერს სოციალურ ქსელში დალი გოგოლაძე.

მაკო გომურს აქციის დარბევის დროს სამართალდამცველების მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც თვალი დაკარგა. ის „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკიდან დღეს გაწერეს.

„ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია, წავიდე სახლში. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და ჩემს პატარა თვალუკას წარმატებებისთვის მიეღწია. რაღაც ეტაპზე კარგი მდგომარეობაა.

ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების წინაშე და რაღაცეების მისაღწევად. ერთეულები არ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ვიყავით, სადაც იბრძოდნენ რაღაცის წინააღმდეგ. იყო რთული მომენტები, იყო ტკივილისგან გათენებული ღამეები, მაგრამ ახლა ვარ კარგად, რადგან გამომწერეს და გხედავთ ყველას“, – აღნიშნა მაკო გომურმა.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენეს, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ სახეში, თავსა და სასქესო ორგანოებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]