„ცოტა ირონიულია, რომ Mountain Set ჩატარდება არა მთებში, არამედ თბილისში, მაგრამ შექმნილი ვითარება სხვა რაღაცის საშუალებას არ გვაძლევს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნახეთ მოსახლეობის რეაქცია სრულიად არაჯანსაღი, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით სავსე. ჩვენი სტუმრების და ჩვენი სურვილით ყველანაირ ხერხს მივმართეთ, რომ ფესტივალი არ ჩაშლილიყო“, – აღნიშნა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანანო ბაიდაურმა.
ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის ლაინაფი და ჩატარების დრო უცვლელია. მათივე თქმით, მომხმარებლებს, რომლებსაც კარვების ზონისა და ავტობუსის ბილეთები აქვთ ნაყიდი, თანხას აუნაზღაურებენ. სურვილის შემთხვევაში მათ ნაყიდი ბილეთების უკან დაბრუნებაც შეუძლიათ.
ელექტრონული მუსიკის სამდღიანი ფესტივალი ზემო გუდაურში, ბიდარას ტერიტორიაზე, 28; 29 და 30 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა, 24 ივნისს, საფესტივალო ტერიტორია ადგილობრივებმა დაარბიეს. ორგანიზატორების განცხადებით, მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
რატომ დაარბიეს ადგილობრივებმა გუდაურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია