weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურორი – ოთარ აბესაძე ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხიდან მოპედის ყიდვას აპირებდა

15:34 პარასკევი, 14 ივლისი 2017

თბილისის მერიის თანამშრომელს ოთარ აბესაძეს, რომელიც ქრთამის აღებაშია ბრალდებული, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას განცხადებით, აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მტკიცდება. მისივე თქმით, ბრალდებული ქრთამის სახით მოთხოვნილი 3 ათასი დოლარის ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა.

ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი ჩანაწერი, რაც ოთარ აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნას დაადასტურებდა. მისივე თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

„დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამ საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვლება, რადგან სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომ აბესაძე ქრთამს ითხოვს და უფრო მეტიც, რომ ის არის სახელმწიფო მოხელე. საჯარო მოხელე ოთარ აბესაძე იყო 1-ელ ივლისამდე და მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია 8 ივლისს, მას ბრალი წაუყენეს, როგორც საჯარო მოხელეს. ეს იყო გაკეთებული იმისთვის, რომ სასამართლოს პატიმრობა შეეფარდებინა, რომ საჯარო მოხელეების მიმართ არის უფრო მკაცრი მიდგომა მიუხედავად იმისა, რომ კანონში არსად წერია, თუ დანაშაულს ჩადის საჯარო მოხელე, მაშინ ის განსაკუთრებულად მკაცრად დაისაჯოს. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერებში არ არის საუბარი და არც მინიშნება მერიის სხვა თანამდებობის პირებზე. ერთი ადგილია, სადაც აბესაძე ამბობს, რომ ტორტით გაუმასპინძლდებოდა გოგონებს, რომლებმაც გასცეს კონსულტაცია“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

 „მე არ წარმოვადგენ იმ საშიშროებას და საფრთხეს, რომ საქმეს, ადამიანებს, პროცესს რაიმეთი ხელი შევუშალო. 28 წლის ვარ, მეკავა გარკვეული ტიპის პროგრესული თანამდებობები. საუბარია ასევე უნივერსიტეტში ლექციებზე. არც საზოგადოება, არც ჩემი ადვოკატები, არც ჩემი ოჯახი, არც ბრალდების მხარე და არცერთი მოქალაქე არ მომცემს უფლებას რომ მივიმალო, ან ზეგავლენა მოვახდინო მოწმეებზე და ა.შ. სინანულით ვსაუბრობ და მზად ვარ ვითანამშრომლო. დუმილის უფლებასაც ვინარჩუნებ იქამდე, სანამ საქმის განხილვა დაიწყება. აუცილებლად ჩავერთვები საქმეში. არა ვარ ცუდი ადამიანი“, - მიმართა აბესაძემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას.

აბესაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სასამართლომ მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხის არსებობით დაასაბუთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოთარ აბესაძე რამდენიმე დღის წინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის მაისში ის საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

ოთარ აბესაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]