გუშინ, ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შიმშილობის პარალელურად, შეკვეთილში ოპოზიციის მხარდამჭერების საპროტესტო აქციებიც იმართება.
„ჩვენ ვუერთდებით თბილისის აქციას. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, იმ სისხლიანი ღამისთვის გადადგეს გიორგი გახარია. აგოს პასუხი იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც დაასახიჩრეს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანზორ გუბაევი.
თბილისში საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისიდან დაიწყო, რასაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა უსწრებდა წინ. ერთ-ერთმა მათგანმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და სხდომა ასე გახსნა. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.
საპროტესტო გამოსვლების შედეგად თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.