weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება – მაკო გომური

11:52 ორშაბათი, 01 ივლისი 2019

18 წლის მაკო გომური, რომელსაც 20 ივნისის აქციის დაშლის დროს სპეცრაზმელის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, გერმანიაში გადის მკურნალობას. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა, არ ნიშნავს იმას, რომ უკან თვალახელილი დაბრუნდება.

„სროლის შემდეგ ჩემს თვალში არაფერი დარჩა. ყველაფერი იქცა ნაფლეთებად. გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი - არაფერი არაა დარჩენილი გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავეს, ჩავისვავ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და „ააწყვეს“ ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა.

გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე. ნუ დამტირით, ხალხო. საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცელილი ტყვია. შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მარა გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ - ხო საკმარისია არა ბევრი რამისთვის?

სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია. უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა, რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს (საქართველოში ეს ისედაც გაკეთდებოდა). უბრალოდ, აქ გავდივარ კონსულტაციებს, სწორად მიდის თუ არა მკურნალობა.

4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილობები. შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე. მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი. ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება.

კი ბატონო, სახელმწიფო მაფინანსებს. ზოგადად სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი, მე ვცდილობდი იმის გამოსწორებას, რადგან ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი“, – წერს მაკო გომური.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენეს, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ სახეში, თავსა და სასქესო ორგანოებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]