როგორც „რეგინფოს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
ნუგზარ დაბრუნდაშვილმა ძამის ხეობიდან აჭარლების მიგრაციაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის გადაცემაში „ქართლის სტუდია“ ისაუბრა.
„ეკრანის წინ ცოტა ძნელია თქვა, რატომ... სასულიერო პირებმა შეავიწროვეს ძალიან. მოგეხსენებათ, რომ ძამის ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით. ცოტა ცუდი მიდგომის გამო მოხდა ეს. სხვა სოფლებშიც გვყავს მთავრობის მიერ ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ინათლებიან, ქორწინდებიან. აი მანდ, მოხდა ეგრე“, – განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.
Qartli.ge-ის ინფორმაციით, გვერძინეთის მცხოვრებლებიც ამბობენ, რომ საძოვრები, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, სასულიერო პირებმა შეისყიდეს.