weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლო ორ დღეში, საქართველოში „ქურდული სამყაროს“ 10 წევრი დავაკავეთ – შსს

17:47 პარასკევი, 05 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ბოლო ორ დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ ათი წევრი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ბრალდებულების დაკავების ღონისძიებები ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში ჩატარდა. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

„დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ლამბო“), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად „ოსკარი“, იგივე „ალესკერი“), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად „ხომეინი“), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად „გოჭი“), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად „ჯოლო“), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად „წიე“) და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად „ყურშა“). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად „ლერის“) ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს.

აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს, როგორიცაა სარგებლისა და უპირატესობის მიღება, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭება და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა.

„დაკავებულთა შორის 4 პირი ღიად აღიარებდა ე.წ. ქურდულ სამყაროს და მისდამი მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდა. ისინი ე.წ. კანონიერი ქურდების - „გულის“, მისი ძმის - ნამიკ სალიფოვის და მათი გარემოცვის სასარგებლოდ, ასევე, მათი სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კუთვნილი ავტომობილი გამოსძალეს, ხოლო სხვა მოქალაქეს ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად 4 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილებისა და შვილიშვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრნენ“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი, მეტსახელად „ლერი“ კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა „ობშიაკს“ და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან.

„მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობდა დაკავებულთა შორის მყოფი, ე.წ. ქურდული სამყაროს 5 წევრი. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია ლავასოღლის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. „ობშიაკის“ თანხა“,– აღნიშნა ჭელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]