weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„რუსთავი 2“ გიორგი გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის

10:22 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

გიორგი გაბუნიას მიერ გადაცემა „P.S.“-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ბოდიშს იხდის.

„მივიჩნევთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები. გამოხატვის ფორმა, მათ შორის მწვავე და პროვოკაციული, დასაშვებია მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ჯდება არხის მიერ განსაზღვრულ და ზოგადად საზოგადოებაში დადგენილ ეთიკურობის ფარგლებში. მივიჩნევთ, რომ გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან და ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამაუწყებლო კომპანია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად მკაცრი რეაგირების თაობაზე.

„ტელეკომპანია კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე. წამყვანის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევის გამო, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი განცხადებები და მით უფრო - მუქარა საპასუხო რეაგირების შესახებ, არის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლებაში ჩარევა და ცენზურის დაკანონება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეიცავს ტელეკომპანიასთან ანგარიშსწორების რეალურ საფრთხეს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჟურნალისტის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის განხილვის გარდა, მოახდინოს მკაცრი რეაგირება ხელისუფლების განცხადებებზე“, – ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“ რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა გინებით მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეარხისთვის კატეგორიულად მიუღებელია გაბუნია გამოხატვის ფორმა. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანის „არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას“.

გაბუნიას განცხადებებს გვიან ღამით „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია მოჰყვა. შეკრებილების ნაწილი გიორგი გაბუნიას „რუსთავი 2“-ის და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებდა, ნაწილი კი მთლიანად ტელეკომპანიის დახურვას ითხოვდა. აქციის გამო, ტელეარხს მაუწყებლობა დროებით შეწყვეტილი ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]