weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2020

რამდენადაც ხშირად ვიტყვით - „აიკრძალოს რუსთავი 2“, მით მალე დავემსგავსებით რუსეთს – ქორიძე

11:32 ორშაბათი, 08 ივლისი 2019 hits 738
ფოტო © RFE/RL ფოტო © RFE/RL

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აფასებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში, ვლადიმერ პუტინის მისამართით გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებებს და ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებებს.

ამ თემაზე საკუთარი მოსაზრება ზვიად ქორიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა:

„1. მიმაჩნია, რომ გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი. ცუდია, როდესაც მედიასაშუალება სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებისას უარს არ ამბობს უხამსობაზე. ამაზე მუდმივად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;

2. მიმაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, როგორიც დღეს გვაქვს, უკვე ცენზურის მცდელობა იქნება. ამიტომ არის სახიფათო ხელისუფლების წამომადგენელთა განცხადებები მედიის კონტროლისა და საპასუხო ქმედებების შესახებ;

3. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური სასაუბროდან უნდა ამოაგდოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი. რამდენადაც ხშირად ვიტყვით, რომ „აიკრძალოს რუსთავი 2“, „აეკრძალოს გაბუნიას სატელევიზიო ეთერში ყოფნა“ და მსგავსი განცხადებები, მით მალე დავემსგავსებით ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორც თავად რუსეთია;

4. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საფუძვლებზე სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და მისი დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა;

5. მიმაჩნია, რომ ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა.

დღეს კიდევ ერთ ტესტს ვაბარებთ დემოკრატიაზე. მთავარია, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. „რუსთავი 2“-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი უხამსობა ჩემთვის პერსონალურ ურთიერთობებშიც მიუღებელია და პროფესიულ საქმიანობაშიც“.

გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“ რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა გინებით მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს იყო გაბუნიას საავტორო ტექსტი და ტელეარხისთვის კატეგორიულად მიუღებელია წამყვანის თვითგამოხატვის ფორმა. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანის „არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას“, გარდა ამისა, ამცირებს მედიისადმი ნდობას და აზარალებს ეთიკურ მედიას.

ხელისუფლების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეფასებით, ტელეწამყვანის მიმართვას პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა და დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული.

გაბუნიას განცხადებებს „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია მოჰყვა. გვიან ღამით ტელეკომპანიასთან შეკრებილების ნაწილი გიორგი გაბუნიას „რუსთავი 2“-ის და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებდა, ნაწილი კი მთლიანად ტელეკომპანიის დახურვას ითხოვდა. აქციის გამო, ტელეარხს მაუწყებლობა დროებით შეწყვეტილი ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]