ტელეკომპანია „პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში კინწურაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას მედიის გაკონტროლების სურვილი აქვს.
„გამოჩნდა მათი ინიციატივა, რომ გარკვეულწილად გააკონტროლონ მედია. ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენლის თუნდაც არაეთიკური განცხადება არის ამ ტელეკომპანიის პრობლემა, რომელიც პროფესიის შიგნით უნდა განვიხილოთ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ქვეყნის პრობლემა და იმედია, არ თარგმნიან მას და არ გააცნობენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.
გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“ რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა გინებით მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ ეს იყო გაბუნიას საავტორო ტექსტი და ტელეარხისთვის კატეგორიულად მიუღებელია წამყვანის თვითგამოხატვის ფორმა.
ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების გარდა, გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების შეფასებით, „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს „არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ“.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად გიორგი გაბუნიას საქციელს, რომელმაც „უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.
„ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით , იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.