ივლისი 22, 2019
weather cur horoscope tv

ჯოყოლოში პოლონელ ტურისტებს შორტების გახდა და შარვლის ჩაცმა აიძულეს 

18:21 ორშაბათი, 08 ივლისი 2019 hits 4555

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში ახალგაზრდების ჯგუფმა პოლონელი ტურისტები აიძულა, შორტები გაეხადათ და შარვლები ჩაეცვათ. ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი ყვება, რომ უცნობი ახალგაზრდები მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შორტებით სიარულს გააგრძელებდა. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო „ვეი“ ავრცელებს.

პოლონელი ტურისტების მეორე ჯგუფი კი ჯოყოლოში მცხოვრებმა რამდენიმე ახალგაზრდამ საოჯახო სასტუმროში შეაბრუნა და ქუჩაში გამოსვლა აუკრძალა.

„ამბობდნენ, რომ მათი წესებია ასეთი, მოკლე შარვლით პანკისში არავინ უნდა გაიაროს. ამის შესახებ მე წინასწარ ინფორმირებულიც არ ვიყავი. ჩემი მოკლე შარვალი მუხლებს ქვემოთ იყო, ბრიჯები, მაგრამ მაინც დამემუქრნენ. მე მეტი პრობლემები არ მინდოდა. ეს ნამდვილად არასასიამოვნი ინციდენტი იყო“.

ზუსტად იგივე მიზეზით, 20 ივნისს, პანკისის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. მოძრაობის თეატრის მსახიობები დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

როგორც პანკისის სათემო რადიოს თვითმხილველებმა უთხრეს, ადგილობრივი ახალგაზრდები აპროტესტებდნენ, რომ მსახიობი პანკისში შორტებით იმყოფებოდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მსახიობი გზის მეორე მხარეს წყლის დასალევად გადადიოდა. ამ დროს მივარდნენ. ჯერ სახეში ჩაარტყეს და მერე წიხლი ამოარტყეს“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ახმეტის პოლიციამ მსახიობზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ პრეტენზია არ აქვს. 

 

ამ თემაზე:

პანკისის საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები შსს-გან რეაგირებას ითხოვენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]