ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინებას დეკანოზი „რუსთავი 2“-ის დასასრულის დასასრულად აფასებს.
„საზოგადოებაში ამ გადაცემის გამო გამოწვეული ნეგატიური დამოკიდებულება, შეუძლებელია რაიმე რუსულ ნარატივს მიაწეროს ვინმემ. ამ მცირე სიუჟეტში რ2-მა ქართული კულტურისა და ეთიკისათვის, სრულიად მიუღებელი სულმდაბლობის, გამოვლინება მოახერხა, მკრეხელობაზე მეტი რომ აღარაფერი ვთქვათ.
ეს „რუსთავი 2“-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი, კი ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
დეკანოზი აღნიშნავს, რომ საპატრიარქომ „რუსთავი 2“-ს ბოიკოტი დაახლოებით ერთი წლის წინ გამოუცხადა.
„დაუსრულებელ პროვოკაციულ, მტრულ და ცილისმწამებლურ კამპანიას საპატრიარქო მოთმინებით იტანდა წლების განმავლობაში, ხოლო როდესაც ღვთისმშობლისადმი შეურაცმყოფელ და მაცხოვარის მკრეხელურ მოხსენიებამდე მივიდა საქმე, მათთან თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა.
საკუთარ თავზე აგრესიის გამოწვევის ტაქტიკა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობა პირველად არ ხორციელდება მათი მხრიდან.
შესაძლოა აქამდე ვინმეს მიაჩნდა, რომ „რუსთავი 2“-სადმი ბოიკოტი მხოლოდ მათი საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთგვარი ფორმაა მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა“, – აცხადებს საპატრიარქოს წარმომადგენელი.