weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„პანკისის სახალხო კრება“ ხეობაში შარიათის განმტკიცებასთან კავშირს უარყოფს

15:57 ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019

„პანკისის სახალხო კრება“ განცხადებას ავრცელებს სათემო რადიოს ეთერში ერთ-ერთი რესპონდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც „სახალხო კრების“ მიზანი შარიათის გარშემო პანკისის გაერთიანება იყო.

„სახალხო კრების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პანკისის სახალხო კრება საჭიროდ მივიჩნევთ საზოგადოების წინაშე საჯაროდ განვმარტოთ სახალხო კრების იდეის და მიზნების შესახებ. რამეთუ, ვხედავთ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში როგორ აქტიურად ხდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება კრების შესახებ.

დასაწყისშივე გვსურს განვმარტოთ, რომ სახალხო კრება არის ქისტების ტრადიციულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ერთობა, რომელიც სხვადასხვა გვარის წარმომადგენლებს აერთიანებს და ხეობისათვის მნიშვნელოვანი საჯარო საკითხების ირგვლივ მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების სივრცეს ქმნის .

ამ ეტაპზე სახალხო კრება არის გვარის ახალგაზრდა და უხუცესი წარმომადგენლების კოლექტიური ერთობა, რომლის მიზანია მოსახლეობის მაქსიმალური წარმომადგენლობითობა და საზოგადოებრივ პროცესებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა. ამ ფორმატში დაძლეულია რელიგიური განსხვავებები და თანამშრომლობის მიზანია ხეობის საერთო ინტერესების დაცვა.

სახალხო კრება ადგილობრივი დემოკრატიის და თვითმმართველობის ტრადიციული ფორმაა, რომელიც მშვიდობიანად თანაარსებობს სახელმწიფოსთან და მისი სამართლის სისტემასთან. იგი არ მოდის წინააღმდეგობაში სახელმწიფო ინსტიტუტებთან და არ ანაცვლებს მათ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო კრება არ არის ორგანიზაცია ან სხვა ტიპის ბიუროკრატიული ორგანო, ჩვენს ინტერესებში არ შედის პოპულარობა, ძალაუფლების და გავლენების მოპოვება, არ გვაქვს პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესები. ასევე, ჩვენი აქტივობა არ ითვალისწინებს ადგილზე არსებულ სხვადასხვა ჯგუფებთან დაპირისპირებას.

სახალხო კრების არსებობის მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ პანკისის მოსახლეობის კონსოლიდაციას, დაპირისპირების დაძლევას, თანასწორობას და ერთმანეთის ღირსების პატივისცემასა და დაფასებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. გვჯერა, რომ ეს პრინციპები არის ქისტური ეთიკისა და მორალის მთავარი ქვაკუთხედი.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ჩვენი რწმენის, ტრადიციებისა და ეთიკის საუკეთესო გამოცდილების საფუძველზე ჩვენი იდენტობის შენარჩუნებას და მომავალი თაობისთვის ღირსეული მაგალითის გადაცემას. გვჯერა, ჩვენი სილძიერე არის ჩვენს ერთობაში და მშვიდობიან განვითარებაში.

მოვუწოდებთ ჩვენს ძმებს და დებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის და ხეობის წინაშე და მოეშვან გამოგონილი არგუმენტებით სახალხო კრების იდეის დისკრედიტაციას.

ჩვენ ვართ ღია ყველა პანკისელისთვის და მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი ჩართულობით და აქტივობით მონაწილეობა მიიღოთ სახალხო კრების ფორმატის განვითარებასა და გაძლიერებაში. ძალა არის ხალხში და სახალხო კრება ეკუთვნის ხალხს“.

პანკისის ხეობაში ასაკოვანი ადამიანებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო, რომელსაც შემდეგ სახალხო კრება დაარქვეს, 2018 წლის სექტემბერში შეიქმნა. ახალი გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ დამფუძნებელ შეკრებამდე თითქმის 2 თვით ადრე, პანკისის სალაფიტური თემის წარმომადგენელმა, (სალაფიტების იმამის ყოფილმა პრესმდივანმა) მურაზი გოდერძიშვილმა (მუსა პანკისელმა) განაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]