weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსთავი 2-ის თანამშრომლები საკადრო გადაწყვეტილებებზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვენ

10:12 შაბათი, 20 ივლისი 2019

„რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ტელეკომპანიის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშსა და დირექტორს, პაატა სალიას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

ტელეკომპანიის თანამშრომლების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე 24 საათი გავიდა, რაც ჩვენი არხის ახალი გენერალური დირექტორისგან მოთხოვნის მიუხედავად „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არანაირი მყარი გარანტიები არ მიგვიღია. „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტი - „კურიერი“, „პოსტ სკრიპტუმი“, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები კიდევ ერთხელ მივმართავთ არხის ახალ მფლობელს და ხელმძღვანელს:

„რუსთავი 2“- ის მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საერთშორისო საზოგადოებაში წარმოიშვა სერიოზული შეშფოთება არხის სარედაქციო პოლიტიკისა და ქვეყანაში მედია-გარემოს ცვლილების საფრთხის გამო.

ჩვენ საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებელ, ობიექტურ და კრიტიკულ საინფორმაციო-ანალიტიკურ პროდუქტს, მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში არხის თანამშრომლებსა და მაყურებლებს სჭირდებათ რეალური გარანტიები, რომ „რუსთავი 2“-მა გააგრძელებს მუშაობას იმ გუნდით და იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომლის წყალობითაც არხი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, ნდობის მაღალ სტატუსს და ნომერ პირველი ტელევიზიის სახელს ამ ქვეყანაში.

ბოლო წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ახალმა მფლობელმა დაუყონებლივ გაათავისუფლა არხის თანამშრომლებთან კონსულტაციების გარეშე. ამ ვითარებაში გუნდს სჭირდება ახალი გარანტიები, თუმცა ამ დრომდე ჩვენ და ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა ახალი მფლობელისა და მის მიერ დანიშნული დირექტორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირება, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა დარჩება უცვლელი. ვინაიდან ახალი მფლობელის მხრიდან, მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია ამის დამადასტურებელი არცერთი მექანიზმი, ჩვენ ვთავაზობთ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების კონკრეტულ გეგმას:

  1. მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო. „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ – ეკა გიგაური, საია – სულხან სალაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არჩევნები – მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი – ნინო დანელია, ჟურნალისტი – ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი – ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენს მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში. ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს, იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. (მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები, პროდიუსერები).
  2. დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.
  3. არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს, რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიასთისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის“, – ნათქვამია „რუსთავის 2“-ის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას. ამასთან, მან გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომლითაც 2017 წლის მარტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო.

გუშინვე ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და ტელეკომპანიის 60%-იანი წილის მფლობელად მისი, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელად მისივე კუთვნილი კომპანიის „პანორამას“ დარეგისტრირება მოითხოვა. ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაინიშნა.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 3 მარტს, ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]