weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისში „ხადორობა“ ეთნიკური ქისტების გარეშე იზეიმეს

18:14 კვირა, 21 ივლისი 2019
ფოტო © გაზეთი „ბახტრიონი“ ფოტო © გაზეთი „ბახტრიონი“

პანკისის ხეობის სოფელ ხადორში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ხადორობა 2019“ აღინიშნა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ეთნიკური ქისტები არ მიუწვევიათ, მერის წარმომადგენლებისა და რამდენიმე პარტიული აქტივისტის გარდა.

„სულ რამდენიმე ქისტი დავინახე, სოფლების გამგებლები. სხვებმა არც იცოდნენ. ღონისძიებაზე ძირითადად ფშავლები და ახმეტიდან, თელავიდან მოწვეული პირები იყვნენ“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს ლანა გუნაშაშვილმა. ლანა ანსამბლ „პანკისის“ წევრია. ანსამბლი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. „ხადორობაზე“ რომ უნდა ემღერა, კულტურის სამსახურიდან შეატყობინეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის სოსო ქარუმაშვილის თქმით, 20 ივლისს სახალხო დღესასწაული „ხადორობა“ რომ ტარდებოდა, განცხადება მერიის ფეისბუქ გვერდზე იყო გამოქვეყნებული და დასწრება ყველას შეეძლო.

„ხადორობის“ შესახებ ახმეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე განცხადება 16 ივლისს არის გამოქვეყნებული და 9 მოწონება აქვს. დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილი იყო კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით; სოფელ ხადორში მუდმივად მცხოვრები უხუცესი ქალის დაჯილდოება; გამოფენების დათვალიერება; ფშაური ტრადიციული სამზარეულოს გაცნობა.

„ხადორობა“ წელს პირველად გაიმართა. გასულ წლებში ამ „სახალხო დღესასწაულის“ აღნიშვნის შესახებ, ინტერნეტში ინფორმაცია არ იძებნება.

ღონისძიებაზე შეკრებილებს „ხადორობა“ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიულოცა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა კი სოფელში აშენებული ეკლესია კიდევ ერთხელ აკურთხა.  

„ნუ მაწვები. გვიანია. მე თანამდებობის პირი არ ვარ და ვერ დამავალდებულებ რამე განვმარტო“ - ასე გვიპასუხა ახმეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ხოხობაშვილმა კითხვაზე - რატომ არ მიიწვიეს „ხადორობაზე“ ეთნიკური ქისტები და რატომ არ უზრუნველყო მერიამ ღონისძიების შესახებ პანკისის მოსახლეობის ინფორმირება.

ხადორი ჯოყოლოს თემის სოფელია და ფშავლების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად ზაფხულში. ხადორის გარდა, პანკისის ხეობაში ფშავლებით დასახლებული კიდევ რამდენიმე სოფელია - საკობიანო, ყვარელწყალი (შერეული - ქართველები/ქისტები), კუწახტა, ქორეთი და ა.შ. პანკისის სათემო რადიოს არაერთხელ გაუშუქებია ფშავლებსა და ქისტებს შორის არსებული პრობლემები.

პანკისის უხუცესთა კავშირის წევრის ხასო ხანგოშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობდეს პანკისის ხეობაში მცხოვრები ფშავლებისა და ქისტების დამეგობრებას, მათ შორის არსებული პრობლემების გადაჭრას, ეთნიკურად ქისტის ახალგაზრდების ჩართვას კულტურულ ღონისძიებებში, მერია პირიქით იქცევა:

„ისინი ამგვარი დაყოფით ჩვენ შორის არსებულ გაუცხოებას უფრო ზრდიან. ქისტები განზე დაგვტოვეს. ალბათ, განაწყენებულები, გაბრაზებულები არიან ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით რაც მოხდა, აპრილში მომხდარ დაპირისპირებას ვგულისხმობ და იგნორირებას გვიკეთებენ. ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს.

ნამდვილად უგუნური გადაწყვეტილებაა და საინტერესოა, თვითონ მოიფიქრეს ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა თუ ასე დაავალეს“.

„ხადორობაზე“ არც პანკისის ხეობაში მოქმედი ის ორგანიზაციები მიუწვევიათ, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციაზე მუშაობენ და ამ მიზნით, ქართველი და ეთნიკურად ქისტი ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ.

პანკისის სათემო რადიო WAY

პანკისის სათემო რადიო მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა. რადიოს ვებგვერდია www.Radioway.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]