შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს პირღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ.
„პაციენტების ნაწილი თვითდინებით მოვიდა, ნაწილი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. მათ შორის 7 ბავშვი იყო, ერთი კი ზრდასრული. მათი მდგომარეობა საშუალო სირთულის იყო. ყველას პირველადი დახმარება გაეწია და გაწერილი იქნა ბინაზე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. როგორც პაციენტები და თანხმლები პირები ყვებოდნენ მიირთვეს ხაჭაპური, რომელიც კვერცხიანი იყო“, – უთხრა აჭარის ტელევიზიას ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მიმღების ექიმმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან 6 პირის მსუბუქი ინტოქსიკაციის შესახებ მიიღეს შეტყობინება, რის შემდეგაც სასტუმრო „მეგობრობის“ კვების ბლოკი შეამოწმეს. სააგენტოს განმარტებით, ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია საკვების ნიმუშები, რომლის კვლევის შედეგებიც მომავალ კვირას გახდება ცნობილი.